ისტორია

 ქალაქი ქუთაისი ისტორიულად ორ ნაწილად იყოფოდა: ზედა და ქვედა ნაწილებად, ბაგრატის ტაძარი სწორედ ქალაქის ზედა ნაწილში მდებარეობდა და საფორტიფიკაციო ნაგებობებში იყო ჩაფლული.აღსანიშნავია, რომ ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული ხუთი წლის განმავლობაში აწარმოებდა აქრეოლოგიურ გათხრებს საკუთრივ ტაძრის ინტერიერ-ექსტერიერში, ადამიანის ზემოქმედების კვალი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანიდან აღმოაჩინა. გაირკვა, რომ დღევანდელი ბაგრატის ტაძარი რამდენიმე ნაგებობაზეა დაშენებული, უძველესი შენობა სავარაუდოდ წინარეანტიკური ხანით თარიღდება, თუმცა ყველაზე საინტერესო მე-6 საუკუნის უზარმაზარი ბაზილიკის ნაშთია, რომლის სიგრძე 30 მეტრს უდრის, ხოლო სიგანე 25 მეტრს, სავარაუდოდ ის სპარსელებმა დაანგრიეს. აქვე აღმოჩნდა მე-7-მე-8 საუკუნის ახალი ტაძარი ე.წ. „ქუთათისის საყდარი“, რომელიც სავარაუდოდ წყაროებში ნახსენები ის ტაძარი უნდა იყოს, სადაც ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი იყო დაკრძალული. ბაგრატის ტაძრის ზოგი კედელი სწორედ ძველ ნაგებობებზეა დაშენებული.


0 comments:

Post a Comment